ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპი შესაძლოა, ომში ჩაითრიონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, ომში ჩაითრიონ. ეს განცხადება მან სააგენტო “როიტერსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
„არ მჯერა, რომ ტრამპს ომი სურს, მაგრამ ის შეიძლება, კონფლიქტში ჩაითრიონ. მათ ვინც ირანის მიმართ პოლიტიკა შეიმუშავეს, უბრალოდ არ სურთ შეთანხმებული გამოსავლის პოვნა. მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ირანს არ სურს კონფრონტაცია, მაგრამ თავს აუცილებლად დაიცავს“, – განაცხადა ზარიფმა.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის ნავთობის 8 მსხვილი იმპორტიორი ქვეყნისთვის დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. აშშ-მა მოუწოდა ამ ქვეყნებს, ირანისგან ნავთობის შესყიდვა მაისიდან შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სანქციები დაემუქრება.