ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ სანქციების დაწესებით არის შეპყრობილი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეპყრობილია სანქციების დაწესებით.
„დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადებაა გავრცელებული და ეს დაავადება სხვა ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებაა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდშიც კი, როცა ბირთვულ შეთანხმებას ხელი მოეწერა, ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებით გათვალისწინებული პირობის აღსრულებას, სანქციების შემსუბუქებას მაინც არ ჩქარობდა“, – განაცხადა ჯავად ზარიფმა.
ინტერვიუში ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა დიპლომატმა ძირითადად, ირანის ეკონომიკურ კრიზისსა და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა. ზარიფი მიიჩნევს, რომ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოფიციალურ თეირანს შორის არავითარი ახალი შეთანხმება არ შედგება, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა შესთავაზა.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ისაა, რომ მათ 2015 წელს ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. შეერთებული შტატები სანაცვლოდ სანქციებს გვიწესებს, რასაც სხვა ხელისმომწერი ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირი ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, ამერიკა აგრძელებს ჩვენზე ზეწოლას. არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ სხვა განმარტების მოძებნა მიჭირს – ეს არის მიზანმიმართული ჩაგვრა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, CNN-თან ინტერვიუში.
ვენაში 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ირანმა ურანით გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, რის საფუძველზეც შეჩერდება ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. სანაცვლოდ, დასავლეთი ირანს სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას დაჰპირდა. 2015 წლის ზაფხულში ბირთვულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და თავად ირანის პირველმა დიპლომატებმა. შეთანხმების პროცესში დიდი როლი შეასრულა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ .
დონალდ ტრამპი აღნიშნულ შეთანხმებას ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აკრიტიკებდა. მიმდინარე წლის 8 მაისს მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება დატოვა.