ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ს მიერ შექმნილი სამოქმედო ჯგუფი ირანის დამხობას ვერ შეძლებს
ამერიკის შეერთებული შატატების მიერ შექმნილი სამოქმედო ჯგუფი ირანის დამხობას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.
მუჰამედ ჯავად ზარიფმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ირანის საკითხში სამოქმედო გეგმა სწორედ ისლამური რესპუბლიკის დამხობისთვის შექმნა, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ამას ვერ მოახერხებს.
„65 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიულად არჩეული, პოპულარული ირანის მთავრობა დაამხო. ამან კი დიქტატურის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც ირანში 25 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა სამოქმედო ჯგუფი იმავე ზეწოლასა და შედეგებზე ოცნებობს, თუმცა ეს აღარასოდეს განმეორდება“, – აღნიშნა ისლამური რესპუბლიკის პირველმა დიპლომატმა.
1953 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, ირანში ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ მოსადიკი დაამხეს. ძალაუფლება კი შაჰ, მოჰამედ რეზა ფეჰლევს ხვდა წილად. მონარქი ირანს 1979 წლამდე, ისლამურ რევოლუციამდე მართავდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღისს წინ, ირანის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად ბრაიან ჰუკი დაინიშნა. პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. ბრაიან ჰუკი ირანის საკითხში ასევე ახლად დაარსებულ სამოქმედო ჯგუფს უხელმძღვანელებს. დიპლომატებით დაკომპლექტებული სამოქმედო ჯგუფი ირანთან მიმართებით სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებებზე იქნება პასუხისმგებელი.