ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიუ გუტერეშს ესაუბრა და განუცხადა, რომ თეირანი მზადაა, ისრაელის შესაძლო თავდასხმას უპასუხოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს ესაუბრა და განუცხადა, რომ თეირანი მზადაა, უპასუხოს ისრაელის შესაძლო თავდასხმას.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ირანი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, მზადაა გადამწყვეტი პასუხისთვის ისრაელის ნებისმიერი მოქმედების შემთხვევაში“, – განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ანტონიუ გუტერეშს.
ცნობისთვის, ისრაელის მიერ ლიბანსა და ღაზაში განხორციელებული დარტყმების ფონზე, რეგიონი კვლავ ელოდება, თუ როგორ და როდის უპასუხებს ისრაელი ირანს.
1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით თითქმის 200 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის ძალებმა გაანეიტრალეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.