ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ირანის დელეგაცია უახლოეს დღეებში ვენაში ჩავა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ირანის დელეგაცია უახლოეს დღეებში ვენაში ჩავა

საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ირანის დელეგაცია ავსტრიის დედაქალაქს უახლოეს დღეებში ეწვევა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხაარები ბოლო დღეებში მიღწეული შეთანხმების ფონზე, არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრას შეძლებენ.

მინისტრის თქმით, ის საუბარს გეგმავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთანაც, რა დროსაც ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავენ.

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ირანი სულ უფრო აქტუალური პრობლემა ხდება. როგორც „როიტერი“ წერს, საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელს სავარაუდოდ მხედველობაში აქვს ცენტრიფუგების მზარდი რიცხვი, რომელსაც ირანი ურანის გასამდიდრებლად იყენებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო კონფიდენციალური ანგარიშების მიხედვით, ირანი აინსტალირებს და ამდიდრებს დამატებით კასკადებს მოწინავე ცენტრიფუგებისთვის ნატანზისა და ფორდოს მიწისქვეშა ობიექტებზე. ამავდროულად, მედია წერს, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ოფიციალური პირების განმარტებით, უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია ირანის მოთხოვნა, რომ საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ შეწყვიტოს გამოძიება ურანით გამდიდრების კვალის აღმოსაჩენად ირანის არადეკლარირებულ ობიექტებზე.