ირანის საელჩო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტავს, რომ საქართველოში ევროკავშირის ბინადრობას ვერ მიიღებენ
ირანის საელჩო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტავს, რომ საქართველოში ევროკავშირის ბინადრობას ვერ მიიღებენ

საქართველოში ირანის საელჩო თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ევროკავშირის ბინადრობის მიღება საქართველოში შეუძლებელია, მსგავსი დაპირება კი თაღლითობას და ტრეფიკინგს უკავშირდება.

ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr იუწყება.

როგორც სააგენტის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ მსგავს საკითხთან დაკავშირებით ირანის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ, საელჩო მზად არის, მათ დახმარება აღმოუჩინოს.

განცხადებაში ირანის საელჩო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს განუმარტავს, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და 2017 წლის მარტიდან  ევროკავშირმა მხოლოდ სავიზო რეჟიმი გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ნუ ენდობით უცნობ პირებს, ნურც ირანელებს და ნურც უცხოელებს, ვინც დაგპირებათ, რომ საქართველოში თავშესაფრის მიღებით, ევროპაში რეზიდენტობას მიიღებთ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საელჩო ასევე მიუთითებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების კანონიერ გზებზე. კერძოდ, ეს შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეზე ქორწინებით ან ქვეყანაში მუდმივი ცხოვრებით 10-15 წლის შემდეგ.