ირანის საელჩო - ირანელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის კანონმდებლობასა და კულტურას
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ირანის საელჩოსა და ირანის ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვთ ემირ თათალოს თბილისში გამართულ კონცერტთან, არც მისი ვიზიტისა და კონცერტის ორგანიზატორების შესახებ აქვს ინფორმაცია.
„თბილისში გამართულ კონცერტზე, ე.წ. ირანელი მომღერლის არაეთიკური და კანონის შეუსაბამო საქციელით ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციიდან და გაღიზიანებიდან გამომდინარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გამოხატავს წუხილს და საზოგადოების ინფორმირებისთვის აცხადებს შემდეგს: „ირანის საელჩოსა და ირანის ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვთ ამ პიროვნების ვიზიტთან. ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა დანაშაულებების გამო მის მიმართ ირანში ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ქართული საზოგადოება კარგად იცნობს ორი ერის ღირსეულ, ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეგობრულ ურთიერთობას და კულტურულ კავშირებს. ზოგიერთი კანონდამრღვევი ადამიანის შეურაცხმყოფელი და უწესო საქციელი, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად უგულვებელყოფს ზნეობრივ, კულტურულ ფასეულობებს, რასაც საელჩო განიხილავს უძველესი ირანული კულტურისა და ცივილიზაციისგან გამიჯნულ ქმედებად და არ მიიჩნევს ზნეობრივი ირანული საზოგადოების მაგალითად.
ირანელი ხალხი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის კანონმდებლობასა და კულტურას, ამ ქვეყნის ხალხს ისტორიულ მეგობრად მიიჩნევს, ყოველთვის მიესალმება ორი ქვეყნის კულტურული და ისტორიული ურთიერთობების განვითარებას. უზნეო და უწესო საქციელი არანაირად არ შეესაბამება ირანული საზოგადოების ზნეობრივ ნორმებს და ორი ქვეყნის საერთო ცივილიზაციური ფასეულობებიდან გამოსული მდიდარი ირანული კულტურისთვის ცალსახად მიუღებელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.