ირანის პრეზიდენტი - პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუკავშირდი მაჰსა ამინის ოჯახს და დავარწმუნე, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ ინციდენტის გამოძიებას
ირანის პრეზიდენტი - პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუკავშირდი მაჰსა ამინის ოჯახს და დავარწმუნე, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ ინციდენტის გამოძიებას

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რაისმა თქვა, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმე აუცილებლად სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. ირანის პრეზიდენტმა მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმეს ინციდენტი უწოდა.

„პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუკავშირდი ოჯახს და დავარწმუნე ისინი, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ ინციდენტის გამოძიებას. ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.

22 წლის ეროვნებით ქურთი ქალი მაჰსა ამინი პარასკევს გარდაიცვალა. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, მაჰსა ამინს გული წაუვიდა. როგორც მედია წერს, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციამ ირანელი ქალი ხელკეტებით თავში სცემა. პოლიციამ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება არასათანადო მოპყრობის შესახებ და რომ მას გულის პრობლემა ჰქონდა. მაჰსა ამინის ოჯახი პოლიციის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მაჰსა ამინის სიკვდილმა ბევრი ირანელი განარისხა და პირველი საპროტესტო აქცია მისი დაკრძალვის შემდეგ გაიმართა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ იხსნიან ქალები თავსაბურავს და დემონსტრაციულად იჭრიან თმებს. „სიკვდილი დიქტატორს“ – ყვიროდნენ აქციის მონაწილეები ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.