ირანის პრეზიდენტი - ბაიდენის მოსვლა არ გვიხარია, მაგრამ მოხარული ვართ ტრამპის წასვლით
ბაიდენის მოსვლა არ გვიხარია, მაგრამ მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰასან როჰანის თქმით, აშშ-ში ყველაზე ურჩი და კანონის დამრღვევი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტია.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპი „ტერორისტი და მკვლელია“, რომელიც მორალურ და ადამიანურ პრინციპებს არის მოკლებული.
„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ამერიკელი ხალხის ხმა არის ხელშეკრულების ერთგულება და არა ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხის ნება შესრულდება. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, – აღნიშნა როჰანიმ.
როგორც ცნობილია, ირანი აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა 2018 წლიდან, როდესაც ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეთანხმებაში დაბრუნდება და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი შეასრულებს მის პირობებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.