ირანის პრეზიდენტი აშშ-ს აფრთხილებს. ჰასან რუჰანის თქმით, თუ აშშ-ი თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებულ საერთაშორისო შეთანხმებას დატოვებს, ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საპასუხო ზომებს მიიღებს.
„ჩვენი ატომური სააგენტო მზად არის, ყველა პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი საპასუხო ზომების მისაღებად” – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს.
რუჰანის თქმით, თეირანი მზად არის, მიმართოს ყველს საშუალებას, რათა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირანთან გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის უარყოფითი ეფექტი მაქსიმალურად შეამციროს.
დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ვაშინგტონი “ბირთვული შეთანხმებიდან” გავა.
ამერიკელი დიპლომატების ინფორმაციით, ვაშინგტონი ამ.თემაზე ევროპელ კოლეგებთან აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს. აშშ-ის ლიდერს სურს, რომ ირანის საკითხზე გადაწყვეტილება 12 მაისამდე იყოს მიღებული. სწორედ ამ დროს დონალდ ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ძალაში აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ მიღებული რეგულაცია.
„ბირთვული შეთანხმება” 2015 წელს გაფორმდა. ის ირანს ავალდებულებს, ბირთვული პროგრამა შეკვეცოს, სანაცვლოდ კი თეირანს საერთაშორის0 სანქციების ნაწილი მოუხსნეს.