ირანის პარლამენტის წევრი - სომხეთთან ჩვენი საზღვრის ხელშეუხებლობა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ჩვენი წითელი ხაზია
სომხეთთან ჩვენი საზღვრის ხელშეუხებლობა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ჩვენი წითელი ხაზია, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ირანის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, შაჰრიარ ჰეიდარმა განაცხადა.
ირანელი დეპუტატის თქმით, „აზერბაიჯანი ცდილობს, შეცვალოს რეგიონის გეოგრაფია სიონისტურ რეჟიმთან, თურქეთსა და საუდის არაბეთთან თანამშრომლობით“.
შაჰრიარ ჰეიდარის განცხადებით, აზერბაიჯანს ურჩევს, არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც რეგიონში დაძაბულობას გამოიწვევს.
„საჭიროების შემთხვევაში ირანი ასევე მიმართავს სამხედრო ძალას, რათა თავიდან აიცილოს მოვლენების მსგავსი განვითარება. ჩვენ აზერბაიჯანს ვურჩევთ, სომხეთთან პრობლემები დიპლომატიური გზით გადაჭრას. ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თუ აზერბაიჯანი ნაბიჯებს გადადგამს ირანის საზღვრებთან, ირანი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა ირანის პარლამენტის წევრმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.