ირანის პარლამენტის სპიკერი - აშშ-ის მიერ ირანის საზღვრის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, თეირანის პასუხი უფრო მკაცრი იქნება
აშშ-ის მიერ ირანის საზღვრის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში, თეირანის პასუხი უფრო მკაცრი იქნება, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კარგი გამოცდილება იყო, რათა ირანის საზღვრების წინააღმდეგ აგრესია აღარ გაიმეოროს.
ირანის მეჯლისის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ინფორმაციას ფარისეველი ადამიანებისგან იღებს, რის გამოც ვაშინგტონის მონაცემები არასწორია და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე იღებენ ამერიკელები გადაწყვეტილებას ირანთან მიმართებაში. თეირანში ამტკიცებენ, რომ ჩამოგდების დროს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ირანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას აშშ უარყოფს.
20 ივნისს თეირანმა თავის ტერიტორიაზე ამერიკული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ჰორმუზის სრუტეში ასრულებდა ფრენას.