ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს
ირანის მხრიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელმა, იორდანიამ და ერაყმა საჰაერო სივრცე დაკეტეს.
ისრაელის საავიაციო სამსახურის ინფორმაციით, ბენ გურიონის აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმებულია.
ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად თელ ავივში ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.
„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ თავდაცვისა და შეტევისთვის. ჩვენ დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ თავდასხმას შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ჰაგარიმ.
ცნობისთვის, ისრაელში აფეთქებები ხმა ისმის. ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში.