ირანის ხელისუფლება კორონავირუსით 50 ადამიანის გარდაცვალებას არ ადასტურებს
ირანის ხელისუფლება უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსით ქვეყანაში 50 ადამიანი გარდაიცვალა.
თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირაჯ ჰარირჩიმ თქვა, რომ კორონავირუსი ეროვნული პრობლემაა და ახლა პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის.
ინფორმაცია უარყო ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ალი რაბიეიმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ვირუსის გამო ადამიანების დაღუპვის თაობაზე ინფორმაციას, ხელისუფლება გამჭვირვალედ გამოქვეყნებს.
მანამდე, ქალაქ ყუმის დეპუტატმა ირანის მთავრობა ვირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით სიცრუეში დაადანაშაულა.
აჰმად ამირაბადი-ფარაჰანიმ თქვა, რომ ვირუსს ქვეყანაში უკვე 50 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის მიზეზით ქვეყანაში 12 ადამიანია დაღუპული.
24 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევები აღინიშნა ავღანეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში და ერაყში.
ვირუსით იტალიაში უკვე ხუთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის ლომბარდიის და ვენეტოს რეგიონებში 10 ქალაქი იზოლირებულია.
ჩინეთში ვირუსს 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 25 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. ჩინეთის გარდა კორონავირუსი სახელწოდებით, „კოვიდ-19“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში დადასტურდა.