ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ირანის ზოგიერთ პროვინციაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მოჰამედ მეჰდი გოუიას თქმით, ზოგიერთ პროვინციაში კოვიდ-19-ის ხელახლა გავრცელების ნიშნები ჩანს.
მისი თქმით, საუბარია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე გილანი და მაზანდარანის პროვინციაზე და ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ყუმის რეგიონზე.
ამასთან, ირანის დედაქალაქში კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელ ალირეზა ზალის თქმით, კარანტინის ზომების მოხსნის შემდეგ, ვირუსის მეორე ტალღის საშიშროება თეირანშიც არსებობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ჰიგიენის დაცვა ძალაში უნდა დარჩეს.
ირანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 76 ადამიანი გარდაიცვალა. 25 აპრილის მონაცემებით, საერთო ჯამში, კოვიდ-19-ის ეპიდემიას ირანში 6 650 ადამიანი ემსხვერპლა.