ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ირანმა, შესაძლოა, თავის „ბირთვულ დოქტრინას“ გადახედოს
ირანმა, შესაძლოა, თავის „ბირთვულ დოქტრინას“ გადახედოს. ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთმა მეთაურმა, აჰმად ჰაგთალაბმა განაცხადა, რომელიც ქვეყნის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
„ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მუქარები საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ ჩვენს ბირთვულ დოქტრინას და გადავუხვიოთ ჩვენს წინა შეხედულებებს“, – განაცხადა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლის განცხადებასაც ირანულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.
ამასთან, სააგენტო „ტასნიმის“ ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია, ხოლო ისრაელის ყველა ბირთვული ცენტრი იდენტიფიცირებულია.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ბირთვული პროგრამის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ირანის სულიერი ლიდერი იღებს, რომელსაც 2000-იანი წლების დასაწყისში ბირთვული იარაღის შემუშავების აკრძალვის შესახებ რელიგიური განკარგულება აქვს შემუშავებული.