ირანის გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდეობას გადააჭარბა
ირანის გამდიდრებული ურანის მარაგმა ბირთვული შეთანხმებით დაშვებულ რაოდეობას გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზაიფმა დაადასტურა.
ამგვარად, 3,67 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის რაოდენობამ ირანში 300 კილოგრამს გადააჭარბა. სწორედ 300 კილოგრამიანი ზღვარი იყო დაწესებული ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმებით.
ირანული სააგენტოს ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოებმა ირანში არსებული ურანის მარაგი გასულ კვირას შეაფასეს, დღეს კი განმეორებითი ინსპექტირების შედეგად, ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ გამდიდრებული ურანის მარაგებმა 300 კილოგრამს გადააჭარბა.
ამასთან, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი შამჰანი აცხადებს, რომ 7 ივლისიდან თეირანმა შესაძლოა, ბირთვული შეთანხმების სხვა პუნქტების შესრულებაზეც თქვას უარი.
მაისში ირანმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებას წყვეტს. მანამდე, ერთი წლით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.