ირანის ელჩი - ირანმა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი მიიჩნევს, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის 39 წლის განმავლობაში, ისლამური რევოლუციიდან დღემდე, ბევრი რამ შეცვალა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში ირანმა სირთულეების მიუხედავად, სხვადასხვა სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით კი ბირთვულ ტექნოლოგიაში.
„ირანი ატარებს პოლიტიკას, რომელიც ხალხისა და ამ რეგიონის ინტერესებს ემსახურება. ირანი ფლობს ნავთობისა და გაზის უზარმაზარ მარაგს. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა თავისი ნავთობპროდუქტებით დღევანდელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ირანმა სხვა სახელმწიფოების დახმარების გარეშე რეგიონისთვის ბევრი რამ გააკეთა, მიუხედავად იმ სანქციებისა, რომელიც სამ ათწლეულზე დიდი ხნის წინ დაწესდა“, – განაცხადა ყავამ შაჰიდიმ პირველ არხთან ინტერვიუში.
ირანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ხელს შეუწყობს ამ სანქციების გაუქმებას. მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები უკანონოა.
სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდიმ ხაზი გაუსვა ირანის როლს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
„ირანმა მისი მეზობელი ქვეყნების, ერაყისა და სირიის მოქალაქეებისთვის თავისი პოლიტიკით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ირანი ეხმარება ამ ქვეყნების მოქალაქეებს და დიდი როლი ითამაშა ტერორიზმის დამარცხებაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ეს არ არის ცარიელი განცხადება, – ირანს დიდი დამსახურება აქვს, რომ დღეს თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო ერაყში დამარცხდა. ჩვენ ნათლად ვხედავთ შედეგს. ერაყის ტერიტორიის ნახევარზე მეტი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ოკუპირებული იყო, დღეს კი ეს ქვეყანა, ისევე როგორც სირია, ტერორისტებისგან თითქმის მთლიანად გათავისუფლდა“, – აღნიშნა ირანის ელჩმა საქართველოში.
ყავამ შაჰიდიმ 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმება ისტორიულ დოკუმენტად შეაფასა.
შეთანხმება დასავლეთის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტს, ბარაკ ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, კრიტიკულად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რამდენიმე თვის წინ მან ბირთვული შეთანხმების შეწყვეტა დააანონსა, რასაც ევროკავშირის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.
ირანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რომელიმე ხელმომწერი ქვეყნის მხრიდან ამ შეთანხმების ჩაშლას უარყოფითი შედეგი მოჰყვება.
„დოკუმენტის ყველა ხელმომწერი ქვეყანა, მათ შორის ირანი, ვალდებულია შეასრულოს აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ირანი ამ ვალდებულებებს ასრულებს. შესაბამისად, ის, ვინც ამ პირობას დაარღვევს, ან ამ შეთანხმებას გაწყვეტს, თავადვე უნდა გადაიხადოს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას ერთის გარდა სხვა ქვეყნები დადებითად აფასებენ, მითუმეტეს ევროკავშირი. ეს შეთანხმება განსაზღვრავს ირანის როლს საერთაშორისო პოლიტიკაში. ხელმომწერი ქვეყანა, რომელიც ბირთვულ შეთანხმებაზე უარს იტყვის, საკუთარი ნებით დაარღვევს საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებულ კანონს და ეს იქნება ძალიან მცდარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ყავამ შაჰიდიმ პირველ არხთან ინტერვიუში.