ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ორგანიზაცია „სამშობლოს ავაზებმა“ აიღო
ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა ორგანიზაცია „სამშობლოს ავაზებმა“ აიღო

ირანის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ხანძარზე პასუხისმგებლობა იატაკქვეშა ოპოზიციურმა ორგანიზაციამ, „სამშობლოს ავაზებმა“ აიღო.

„ბიბისის“ სპარსული ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში, ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ნეთენზიში მიწისზედა ბირთვული ობიექტებია, რომლის დაზიანების დამალვა ირანის ხელისუფლებისთვის უფრო რთულია, ვიდრე მიწისქვეშა ობიექტებზე და აღნიშნული ადგილი თავდასხმისთვის სწორედ ამ ნიშნით შეირჩა.

ჯგუფის წევრების თქმით, ორგანიზაცია ირანის უსაფრთხოების ძალების ყოფილი თანამშრომლებისგან შედგება, რომლებმაც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტეს. დასავლური მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ წერილის სანდოობის დადგენა რთულია, რამდენადაც ამ დაჯგუფების შესახებ ადრე ცნობილი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ნეთენზი ირანში ახლა ერთადერთი ადგილია, სადაც ურანის გამდიდრება ხდება. ირანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ობიექტზე აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.