ირანის არმია - ისრაელის სიონისტური რეჟიმის დარტყმის მოგერიებას ჩვენი ორი მებრძოლი შეეწირა
ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის მედია არმიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ ირანის უსაფრთხოების, ხალხისა და ირანის ინტერესების დაცვისას კრიმინალური სიონისტური რეჟიმის დარტყმის მოგერიებას ორი მებრძოლი შესწირა“, – ნათქვამია ირანის არმიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ისრაელის იერიშს „შეზღუდული ზიანი“ მოჰყვა.
ამერიკული გამოცემის, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ისრაელმა მესამე ქვეყნების დახმარებით გააფრთხილა ირანი ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ და მოითხოვა, ირანმა პასუხისგან თავი შეიკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი ირანს კიდევ უფრო ძლიერი დარტყმის მიყენებით დაემუქრა.