ირანის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკავშირმა.
„ჩვენ ვაღიარებთ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ახალ მთავრობასთან ევროკავშირის კრიტიკული ჩართულობის პოლიტიკის შესაბამისად“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ნაბილა მასრალი.
ამასთან, სააგენტო „ირნას“ ცნობით, ფეზეშქიანმა მილოცვები მიიღო მსოფლიო ლიდერისგან, რომელთა შორის არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, მალაიზიის პრეზიდენტი ანვარ იბრაჰიმი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, მალდივების პრეზიდენტი მოჰამედ მუიზუ, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ თოყაევი, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე.
ფეზეშქიანის პრეზიდენტად არჩევას მიესალმება სამხრეთ კორეის მთავრობა და იმედს გამოთქვამს, რომ თეირანსა და სეულს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
ირანის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ედმონდო ცირიელიმ. „ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ვითანამშრომლოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ედმონდო ცირიელი.