ირანი მზადაა საფრანგეთში ტერაქტის დაგეგმვის საქმეში გამოძიებასთან ითანამშრომლოს
ირანი მზადაა საფრანგეთში ტერაქტის დაგეგმვის საქმეში გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ცოტა ხნის წინ ბელგიის, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ვენასა და ანტვერპენში ირანული წარმომავლობის პირები დააკავეს, რომლებიც პარიზში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავებულებიდან ორი წარმოშობით ირანელი, ბელგიის მოქალაქეები არიან. ოპერაცია ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა. 38 წლის ანის ს. და 33 წლის ნასიმ ნ. ცოლ-ქმარი არიან. მათი სახლის ჩხრეკის დროს სამართადლამცველებმა 500 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და და დეტონატორი ამოიღეს.
ვენაში დაკავებული კი BBC-ის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქში, ირანის საელჩოში მუშაობდა. გამოძიების ცნობით, დიპლომატი დანარჩენ დაკავებულებთან კონტაქტობდა. ავსტრიაში ირანის საელჩო კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.
ერთობლივი ოპერაციის დროს დაკავებულებს ირანის ეროვნული საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ. ღონისძიება პარიზის გარეუბანში 30 ივნისს ჩატარდა. კონფერენციას 5 000-მდე მონაწილესთან ერთად რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პოლიტიკური პირი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი, რუდი ჯულიანი დაესწრნენ.