ირანი მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს
ირანი მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმასთან.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, „არავის აქვს უფლება მომხდარში ირანის ისლამური რესპუბლიკა დაადანაშაულოს“. თუმცა, თეირანში აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლება ვერ გაამართლებს რუშდის მიერ მის წიგნებში რელიგიის შეურაცხყოფას.

„ამ თავდასხმაში შეიძლება მხოლოდ რუშდისა და მისი მხარდამჭერების დადანაშაულება და დაგმობა“, – განაცხადეს ირანის საგაერო უწყებაში.

75 წლის რუშდის ნიუ იორკის შტატში დაგეგმილი ლექციის დროს დაესხნენ თავს. მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ავტორი მძიმედ დაშავდა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. სალმან რუშდის რომან „ეშმაკეული აიების“ გამო წლებია მკვლელობით ემუქრებიან. მუსლიმების ნაწილი მას მრკეხელობად მიიჩნევს. 1988 წელს გამოცემული რომანის გამო ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა ხომეინიმ ფეტვა გამოსცა. ეს გახლავთ რელიგიური განკარგულება, რომელიც სალმან რუშდის მკვლელობისკენ მოწოდებას ნიშნავს. ამასთან, რუშდის მკვლელობის სანაცვლოდ დააწესეს ჯილდო სამი მილიონი დოლარის ოდენობით. ფეტვა ახლაც აქტიურია, თუმცა ირანის მთავრობა მისგან დისტანცირდა.

ირანის სახელმწიფო მედიამ ნიუ იორკის შტატში რუშდიზე მომხდარ თავდასხმას „ღვთის შურისძიება“ უწოდა. ირანული მედიის ასეთი კომენტარები მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და მათ საქციელს „საზიზღარი“ უწოდა.