ირანი ევროკავშირს ბირთვულ საკითხზე შეთანხმების გადარჩენისკენ მოუწოდებს
ირანი ევროკავშირს ბირთვულ საკითხზე შეთანხმების გადარჩენისკენ მოუწოდებს

ირანი ევროკავშირს ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გადარჩენისთვის გაცილებით აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

ბაჰრამ ქასემის თქმით, ქვეყნები, რომლებიც 2015 წლის შეთანხმებაში მონაწილეობენ, დოკუმენტის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა პროცესი საკმარისად სწრაფი არ არის. ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესანარჩუნებლად კი პროცესის დაჩქარება აუცილებელია.

პრესკონფერენციაზე საუბრის დროს ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ირანი ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების დაძლევით არის დაკავებული. ბირთვული შეთანხმების გადარჩენა კი ევროკავშირმა უნდა იკისროს.

რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა. დოკუმენტი ურანით გამდიდრების შეზღუდვის სანაცვლოდ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა, რომლებიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ განაახლა. რაც შეეხება შეთანხმების სხვა წევრ სახელმწიფოებს, ისინი დოკუმენტს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ ირანი დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს.