ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-ს აღწევს
ირან-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 150-ს აღწევს

ირანისა და ერაყის საზღვარზე მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 150-ს აღწევს.

Reuters-ის მონაცემებით, სტიქიას ქირმანშაჰის პროვინციაში სულ მცირე 141 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ერაყს, იქ გარდაცვლილების რაოდენობა ოთხი, თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ რიცხვი გაიზარდოს.

მიწისძვრამ საყოველთაო პანიკა გამოიწვია. ადგილობრივებმა სახლები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მეჩეთებში ლოცვებს ხმის გამაძლიერებლებით კითხულობენ.

ირანში წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რყევებისგან ზიანი სულ მცირე რვა დასახლებას მიადგა. მათივე თქმით, კიდევ არაერთ დასახლებაში დაზიანდა სატელეკომუნიკაციო სისტემები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან სამხრეთ-დასავლეთით, 30 კილომეტრის მანძილზე დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც.

7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე საათის წინ მოხდა.