ირაკლი ზარქუამ სალომე სამადაშვილს მიმართა - არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ 2008 წელს, ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს ხელმოცარული დიპლომატი უწოდა.
ირაკლი ზარქუას თქმით, 2008 წელს სალომე სამადაშვილს და მის გუნდს არაფერი სასახელო არ გაუკეთებია.
„ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ყოველთვის მინდოდა მეთქვა, ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20 პროცენტი შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში შენს გუნდს მიაღებინე რეზოლუცია, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე, ხომ არ აგერიათ რაღაც, ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ სალომე სამადაშვილს.
ირაკლი ზარქუას ეს განცხადება მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შალვა პაპუაშვილის მიმართ კითხვების დასმის დროს, სალომე სამადაშვილის გამოსვლას, სადაც სამადაშვილმა აღნიშნა: „პირველი ჩემი შეკითხვა ეხება ტყუილებს და სიცრუეს, რომელიც, სამწუხაროდ, არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, მათ შორის გამონაკლისი არც თქვენ ხართ. ყველას გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, როდესაც თქვენ საქართველოში არ ჩამოუშვით ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის თქვენი პარტნიორი სოციალისტური პარტიიდან. ეს არის ევროპარლამენტართა ის შემადგენლობა, რომლებმაც უნდა გამართონ ე.წ. ჟან მონეს სახელობის პოლიტიკური დიალოგი. გვარწმუნებდით, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, „ჟან მონეს“ დიალოგი შედგებოდა. თქვენ შეხვდით ქალბატონ მეცოლას, მაინტერესბს, როდის იგეგმება ჟან მონეს დიალოგი, თუ იგეგმება. მეორე შეკითხვა შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევას საქართველოს პარლამენტში. დღემდე ზელენსკიმ მიმართა ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ქცეყნის პარლამენტს და ჩვენი ინფორმაციით, ყველამ იმ პარლამენტმა ის თავად მოიწვია სიტყვით გამოსასვლელად. რატომ დაიბლოკა ეს ინიციატივა, იმიტომ ხომ არა, რომ ეს იყო ოპოზიციის და „ლელოს“ ინიციატივა. და ბოლოს, რას ფიქრობთ, კობახიძის გამოსვლასთან დაკავშირებით, ახალისებს თუ არა მსგავსი გამოსვლები ძალადობას, მათ შორის ჩვენი კოლეგებს წინააღმდეგ“.