ირაკლი ზარქუა - ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული, ხელმოცარულების მუქარები არაერთხელ გვსმენია, საზოგადოება მათ მხარს არასოდეს დაუჭერს და ხელისუფლებაში არ მოიყვანს
ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული. რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ზედმიწევნით იქნება შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე ნაწილი და ბოლოში გავდივართ. ხელმოცარულებს რაც შეეხებათ, მათი მუქარები არაერთხელ გვსმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ჯაფარიძე ამბობს: „ჩემი აზრით, დაბალია ალბათობა, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი იყოს. ერთადერთი გამოსავალი, რომ გავაგრძელოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, ხელისუფლების ცვლილებაა“.
ირაკლი ზარქუას თქმით, ქართველი ხალხი ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არ მოიყვანს.
„მათი ამოცანაა, ქვეყანაში ქაოსი, დესტაბილიზაცია იყოს და ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, ამის შემდეგ კი პოლიტიკური ქულები დაიწერონ და მღვრიე წყლით, ჰგონიათ, რევოლუციას მოახდენენ. ამას ვერ ეღირსებიან. ქართული საზოგადოება ამ ხელმოცარულებს მხარს არასოდეს დაუჭერს და ხელისუფლებაში არ მოიყვანს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.