ირაკლი ზარქუა - წლების განმავლობაში მეგონა, რომ მამუკა ხაზარაძე იყო კეთილსინდისიერი ბიზნესის ეტალონი, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, „ჰუ იზ ჰუ“
ირაკლი ზარქუა - წლების განმავლობაში მეგონა, რომ მამუკა ხაზარაძე იყო კეთილსინდისიერი ბიზნესის ეტალონი, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, „ჰუ იზ ჰუ“

პატივს ვცემ ბატონ ხაზარაძეს, რადგან წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს ადამიანი იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არაორმაგი სტანდარტის ეტალონი. ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო, „ჰუ იზ ჰუ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„შეუძლებელია იმის მოსმენა, რაც გავიგეთ. თქვენ პრეტენზიები გამოთქვით დედაქალაქის, კალაძისა და მაია ბითაძის მიმართ. გეგონათ, რომ გაგიტარებდით ამ ორმაგ სტანდარტს, ამ თემას მე ან ჩვენი სხვა კოლეგა. დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა სატყეო ზონა გააქრო და ამის დამსახურება იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა, 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე. თქვენ რომ აიღოთ თბილისის განვითარების გეგმა, ისევე, როგორც რეკრეაციული ზონა, 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კალაძისა და ქალბატონ ბითაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დღეს ვერანაირი დეველოპერი ვერ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს, ვერც სატყეო ზონაში.

„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონის“, მეგონა თქვენ ჩვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დავუდგები. ამის მაგივრად, დაიწყეთ გაუგებარი პრობლემებისა და პრეტენზიების წარმოთქმა. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, რომ სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი, თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათაო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით რომ აავსეთ ხევები? ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი, თუ გიმალავენ, ეს არ ვიცი. მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ ვმართავ კომპანიასო. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც, არ გაგიტარებთ ამას. მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 კვადრატით მეტი ააშენეთ, მაშინაც გიყვარდათ ხომ თბილისი? უნდა ითქვას სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდნენ, განაცხადა, „როდესაც თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა, ვის ეყო პოლიტიკური ნება, რომ თუნდაც 2008, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო“.