ირაკლი ზარქუა - ვლადიმირ ზელენსკი უკვე მიხვდა, რასთან აქვს საქმე და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებებს
ვლადიმირ ზელენსკი უკვე მიხვდა, რასთან აქვს საქმე და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ეტაპობრივად ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მან მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა.
ზარქუას თქმით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მასთან დაკავშირებული კითხვებიც ვლადიმერ ზელენსკის ეკუთვნის.
„სააკაშვილის მემატიანედ ვერ გამოვდგები, მაგრამ რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, სადაც გაიხიზნა, ჩვენი მოქალაქეობა ეგრევე დახია, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და მერე უკრაინას ეფიცებოდა სიყვარულს. იქაც კი იმ დროს პირველი პრეზიდენტი ვინც იყო, იმანაც დაგმო. ახლა მეორე, ზელენსკიც უკვე მიხვდა, რასთან აქვს საქმე და შესაბამისად, ეტაპობრივად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ურბანული საბჭოდან გამოაგდეს. ეს მათი არჩევანია, იქაური მოქალაქეა, უბრალოდ, საქართველოს ნუ შეეხება, პროვოკაციულ განცხადებებს ნუ გააკეთებს. როგორც მან თქვა, უკრაინა მისი სამშობლოა, შესაბამისად, სად იქნება და როგორ იქნება, ეს კითხვა ზელენსკის ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.