ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, სააკაშვილმა თავი დაანებოს საბოტაჟს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაწოდოთ ის სერვისები, რაც სჭირდება
ზოგადად, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ყველა პატიმარს მიეწოდოს სამედიცინო სერვისი საჭიროების შემთხვევაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხო გარემო, სადაც იხდის სასჯელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, საქართველოში ყველა პატიმარს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სამედიცინო სერვისი.
„ვისურვებდი, რომ ბატონმა სააკაშვილმა თავი დაანებოს საბოტაჟს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მივაწოდოთ ის სერვისები, რაც მას სჭირდება. ევროპარლამენტში დებატებს რაც შეეხება, ეს არის კიდევ ერთხელ დაგეგმილი სპექტაკლი. დღეს დებატები ჩაინიშნა ევროპის სახალხო პარტიაში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა? არა, ბატონებო. ეს არის დაგეგმილი, რომ საქართველო და ხელისუფლება გამოაჩინონ, თითქოს ჩვენ პატიმრების უფლებებს ვარღვევთ, ადამიანს ვაწამებთ, ვკლავთ. ვურჩევდი ევროპარლამენტარებს, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებს, თავი გაანებონ ჩვენს ქვეყანას. საქართველო გამოქვეყნებული რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის ცხრა სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლით, კანონის უზენაესობით, ბიზნესის კეთების მიმართულებით. მათი მცდელობაა, რამენაირად სააკაშვილის თემა გამოიყენონ, რომ აქ დაძაბონ სიტუაცია და შემდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ზარქუა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინის პრეზიდენტს სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და საერთო მტერია, უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ რაღაც სურათებით იაროს, რომელსაც, სხვათა შორის, მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა ზარქუამ.