ირაკლი ზარქუა - ვენეციის კომისიის ჩანაწერი, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის, ეს არ გამოვა
ვენეციის კომისიის ჩანაწერი, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ფასი არ აქვს და არც გათვალისწინებული იქნება.
„დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. მინდა, ვენეციის კომისიის ექსპერტებს მივმართო, ეს არის საქართველო, უძველესი მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი კაცისა და ქალის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ისე მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, ეს მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა, ბიჭებო და გოგოებო. ასე რომ, ის რა რეკომენდაციაც მოგვწერეთ, ნულია მისი ფასი და, ბუნებრივია, გათვალისწინებული არ იქნება. როგორც აქამდე ვაკეთებდით, გიგზავნიდით ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტს და იმ რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვიზიარებდით, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისია, მომავალშიც გავიზიარებთ. ახლა არ გაგაკრიტიკებთ, რაც ჩაწერეთ რეკომენდაციაში ნულია იმის ფასი და, ბუნებრივია, არა და არასდროს არ მივიღებთ“, – აღნიშნა ზარქუამ.