ირაკლი ზარქუა - ველოდები ცვლილებებს „ნაცმოძრაობაში“ და ამის სიმბოლო არის ჩემი „ხაბე“, ის უნდა გახდეს თავმჯდომარე, სხვა შედეგს არ მივიღებ
ირაკლი ზარქუა - ველოდები ცვლილებებს „ნაცმოძრაობაში“ და ამის სიმბოლო არის ჩემი „ხაბე“, ის უნდა გახდეს თავმჯდომარე, სხვა შედეგს არ მივიღებ

არჩევნებზე რა გითხრათ, ველოდები ცვლილებებს „ნაცმოძრაობაში“, ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი „ხაბე“, „ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე. მე ეს მოლოდინი მაქვს, სხვა შედეგს არ მივიღებ, ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან მაშინ ეს ნიშნავს, რომ შიგნით ჩემს „ხაბეს“ გაუყალბეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ახლა რაც შეეხება სერიოზულად, ერთმანეთს ატყუებენ. ყველამ ხომ ვიცით, მათ შორის მათმა მხარდამჭრებმაც, დაახლოებით 600 ათასი ხმა მიიღეს არჩევნებზე და რამდენი დარეგისტრირდა ბოლოს? დაახლოებით, 50 ათასი. აქამდე დავიდა მათი მხარდამჭერები. ის 50 ათასიც ერთი კანდიდატის კი არ არის, ოთხნი არიან და გადანაწილებულია. ანუ ეს ნიშნავს დე ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დასასრულის დასაწყისს. რა უნდა ქნას ახლა „ხაბემ“. ვთქვათ გაიმარჯვა, რა უნდა შესთავაზოს, რამე ხედვა, სტრატეგია, განათლება აქვს, მსოფლიო პოლიტიკაშია ჩართული და აცნობიერებს თუ რა? ან ის, ვინც იყო ძველი, მოქმედი, იმას რა უნდა ექნა, რომ აბრალებენ, გადატრიალება არ მოაწყოო.

გამორიცხულია, ვინც არ უნდა დასვა „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარედ ამ საქართველოში, ამ საზოგადოებაში, არ არის საფუძველი, რომ გადატრიალება, რევოლუცია მოახდინონ. ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ეს ვერ გაიაზრეს, ვერ გაითვალისწინეს. ტალღა ერთი, ტალღა ორი, ჩვენ ხომ ვნახეთ, რასაც ვამბობდით. სააკაშვილმა თავისი პირით აღიარა, დაგეგმილი იყოო. ის კი არა, რასაც გვიყვებოდნენ, მომენატრა ქართული მიწა, ხალხი, ჰაერი რომ მოენატრა და ამიტომ ჩამოვიდა, თურმე არა. დაუგეგმეს, ჩვეულებრივად. მათ შორის საზღვრის დარღვევით შემოსვლა, არაჟნებში ჩაჯდომა, სამარცხვინო. დაუგეგმეს და ახლა ამხელს. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში გვარებიც დაასახელოს, გინდ რუსეთის აგენტურა და გინდ დასავლეთის. არ ვიცი, ის თავად იტყვის ამას შემდეგ სერიაში. მაგრამ ის, რომ ეს ადამიანი უცხოელი სპეცაგენტების დაგეგმით ჩამოდიოდა და უნდოდა, ჩვენი სახელმწიფო ჩამოეშალა, რევოლუცია მოეხდინა, ეს ხომ თქვა და აღიარა. ამით დამთავრდა მათი ცრუ პატრიოტიზმი, ცრუ სამშობლოს სიყვარული. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ახლა თავისი ამომრჩეველიც დარწმუნდა და ამიტომ არის, რომ იმ 600 ათასიდან 50 თასამდე ჩამოვიდა. ეს არის და ეს რეალობა, ამიტომ ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, იქ ვინ გაიმარჯვებს. ყველანი არიან ამ ვიწრო სექტის მიმდევრები“, – განაცხადა ზარქუამ.