ირაკლი ზარქუა - უსამშობლოებს მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ მოუხმობენ პატრონებს, ჩვენ ვართ ქართველები, გვემუქრებოდნენ იმპერიები და ის იმპერიები დღეს არ არსებობენ, თავისუფლებას სულ დავიცავთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახალხო დამცველის პოზიციაა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო, როგორც ბერკეტი გამოეყენებინა. ზარქუას თქმით, პრეზიდენტიც ჩართულია რევოლუციურ სცენარში, რის გამოც ეს არ გააკეთა.
„დღეს ყველას კიდევ ერთხელ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა, რა არგუმენტები ჰქონდა პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს. გიპასუხებ-არ გიპასუხებ, რატომ-იმიტომ, ეს იყო პასუხი. მიხვდით ხომ, რასთან გვაქვს საქმე? ერთი არგუმენტი არ აქვთ. თქვენც მოისმინეთ სახალხო დამცველის პოზიცია, რომ ვეტო, როგორც ბერკეტი რომ გამოეყენებინა პრეზიდენტს, ამის შესაძლებლობა იყო. კანონში რამე არ მოსწონთ? სათაური? მაშინ შეეძლო, გამოეყენებინა. არ გამოიყენა, რატომ არ გამოიყენა, კითხვა არ გაქვთ? იმიტომ, რომ პრეზიდენტიც ჩართულია რევოლუციურ სცენარში. ამ უსამშობლოებმა იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ამიტომ მოუხმობენ თავიანთ პატრონებს, დამფინანსებლებს, რომ ის საზოგადოება და ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, ამათი ჭკუით, შემდეგ რევოლუციას მოახდენენ. ასე მოსულმა მთავრობამ შემდეგ გახსნას მეორე ფრონტი – ეს არის მათი ამოცანა და ვერ ეღირსებიან ამას. არც სანქციების გვეშინია. ჩვენ ვართ ქართველები, გვემუქრებოდნენ იმპერიები და ის იმპერიები დღეს არ არსებობენ. საქართველო, მართლმადიდებელი ერი დღეს არსებობს და გააგრძელებს ბრძოლას. თავისუფლებას სულ დავიცავთ ჩვენ“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველა „ნაცი“ და უსამშობლოები გააერთიანა.
„მინდა, მადამ პრეზიდენტს მადლობა ვუთხრა იმ შემოთავაზებისთვის, ეს უსამშობლოები რომ ერთ ქვაბში გაერთიანა და სწორია, ამაში ვეთანხმები. ყველას მოვუწოდებ, რომ გაერთიანდნენ. ახლა მცდელობაა, რომ ჩვენ „ნაცები“ არ ვართო – გვარამია სხვა არის? მელია სხვა არის? „გირჩი ჯაფარიძე“ სხვა არის? ყველანი არიან „ნაცები“ და გააერთიანა პრეზიდენტმა, ეს სწორია. არჩევანიც იქნება მარტივი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.