ირაკლი ზარქუა - ზელენსკის, საერთაშორისო ორგანიზაციას ან რომელიმე დიპლომატს თუ ექნება კითხვა, რატომ ზის სააკაშვილი ციხეში, გვაქვს პასუხები ან ნახონ სტრასბურგის გადაწყვეტილება
სააკაშვილი გამოფხიზლდა და უკვე ზელენსკის მიმართავს, წამიყვანე აქედან, ნუ დამტოვებ ამ განსაცდელშიო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სასჯელი მისჯილი აქვს სამართლიანად, საფუძვლიანად და არგუმენტირებულად.
„სააკაშვილი ჩამოვიდა. გახსოვთ მისი გუნდის განცხადებები, რომ გაბედული ნაბიჯია, ჩამოვიდა და ჩაჯდაო. ახლა რა აღმოჩნდა, გამოფხიზლდა და უკვე ზელენსკის მიმართავს, აბა, წამიყვანე აქედან და ნუ დამტოვებ ამ განსაცდელშიო. კიდევ ერთხელ, სააკაშვილი არის პატიმარი, მისჯილი აქვს სამართლიანად, საფუძვლიანად, არგუმენტირებულად.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ეს სწორია, ადეკვატურია, პროტოკოლით ითვალისწინებს. ჩვენი მოქალაქეებიც როდესაც სხვა ქვეყნებში არიან დაკავებული, ბუნებრივია, პროტოკოლით ჩვენი საერთაშორისო საელჩოები ერთვებიან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროც, ეს ნორმალურია. უბრალოდ, თუ ვინმეს ექნება კითხვა, რატომ ზის სააკაშვილი ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, ზელენსკი იქნება, საერთაშორისო ორგანიზაცია, თუ რომელიმე დიპლომატი, კითხვაზე ჩვენ არგუმენტები და პასუხებიც გვაქვს. თუ არადა, იხილონ სტრასბურგის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზარქუამ.