ირაკლი ზარქუა - „სირცხვილიაზე“ ე.წ. ლიბერალების შეტევა იყო, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები, კითხვები აღარ არსებობს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე
„სირცხვილიაზე“ ე.წ. ლიბერალების შეტევა იყო, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. კითხვები აღარ არსებობს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებშია.
„ახალგაზრდებს უთხრეს, ევროპას გვართმევენო. ევროპულმა ქვეყნებმა უფრო მკაცრი კანონი მიიღეს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც იძულებული გახდნენ, საკუთარი ქვეყნები დაიცვან და ამბობენ, კანონი უნდა მივიღოთო. ამ ქვეყანას როგორ ავნონ, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ეს ორგანიზაცია მართლა სირცხვილია, მაგრამ კანონის მიღების დროს მედროშე იყო, აქციებს მართავდა, გზებს კეტავდნენ და ქვეყანას აჯანჯღარებდნენ. დრო რომ მოვიდა, დავრეგისტრირდებითო. ორი დღე ბულინგი ნახეთ? ე.წ. ლიბერალების შეტევა იყო, ფაშისტების, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. კითხვები აღარ არის, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. კანონი რამდენიმე თვეა, მოქმედებს და საქმიანობა ვინმეს შეეზღუდა? ვამბობდით, ხალხს ატყუებენო და გამართლდა თუ არა? აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 30-მდე უკვე დარეგისტრირდა, რადგან მათ გაიაზრეს, რომ სახელმწიფო კანონით მოქმედებს. ვინც არ დარეგისტრირდება, რეაგირება მოხდება. კანონი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.