არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუციას, უბრალოდ, მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოსდა საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუმცა ვადები შეზღუდულია და მნიშვნელოვანია დრო.
ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს. ირაკლი ზარქუას განცხადებით, არავის მიეცემა საშუალება, საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს თუ სხვა ინსტიტუციას.
„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს, არა, მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ, უბრალოდ, პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველამ ვისწავლოთ პატივისცემა ამა თუ იმ ინსტიტუციის, მათ შორის, პრეზიდენტის. უბრალოდ, ჩვენ ვაკვირდებით, მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოსდა საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ. შეგახსნებთ, პირველი იყო ელჩების დანიშვნა. ვეუბნებოდით, უბრალოდ, წარდგენილისთვის ხელი მოეწერა, მორჩა, მეტი არაფერი ევალება. ვიდრე ჩვენ არ ვთქვით, რომ, დაე, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს თემა, მანამდე არ მოაწერა, ჩვენც უკან გამოვიტანეთ; მეორე თემა იყო ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა. მოქმედ თავმჯდომარეზე, 2021-ში ვინც ჩაატარა არჩევნები, მოისმინეთ რამე უარყოფითი დასკვნა ეუთო/ოდირისგან, სადმე მოისმინეთ? არა. ვეუბნებით, იდეალური კანდიდატია, წარვადგინეთ, რომ წარმოედგინა პრეზიდენტს პარლამენტში. დღემდე არ გააკეთა და მოგვწერა, რომ, იცით, სამართლებრივი არგუმენტები არ გვაქვსო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახეზე არ მოეწონა ალბათ, რადგან სხვა მიზეზი არ არსებობს. როდესაც შენ ხარ ამგვარი მიდგომით, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაგრამ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – არ მინდა, წარმოვადგინო, ეს არ არის პასუხი, ეს არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება ბოლოს, ეროვნული ბანკის შესახებ ეს იყო გვირგვინი. იცით, ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, სადაც საბჭოს შეეძლო, მოვალეობის შემსრულებლად აერჩია, რადგან გვაქვს ჩანაწერი, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ბრძანებით განმარტა, რომ მოვალეობის შემსრულებელი იქნება ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ახლა იმას ვადა ეწურება და შემდეგ რა უნდა ვქნათ? ჩვენი ქვეყანა არის რთულ რეგიონულ სივრცეში, სადაც, მაგალითად, თურქეთში 70%-ზე მეტია ინფლაცია, ევროკავშირში საშუალო ინფლაცია 20%-ზე მეტია, აღმოსავლეთ ევროპის 23-22%-ია, არაფერს ვამბობ რუსეთ-უკრაინაზე, არ შევეხები, მაგრამ ესენი არიან ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. კბილებით გვიჭირავს, რომ არ გაიქცეს ინფლაცია 9%-ის ფარგლებში. დაბალია, მაგრამ რაც გვაქვს წინასწარ განსაზღვრული, იმაზე მაღალია. საშუალო ევროპულ თუ სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით დაბალია, მაგრამ რომ გაგვექცეს, ეს უნდა? ვეუბნებით, წარმოადგინე კანდიდატი, არ აკეთებს. ბოლო შეთანხმება იყო, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის წარმოადგენდა კანდიდატურებს, დაარღვია ისიც. გავიდა თებერვალი, მარტი, არ წარმოადგინა, ახლა ივნისია. პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კითხვაზე, „პრობლემას ხომ არ ქმნის ის, რომ კანდიდატები უნდა იყვნენ მთავრობის გავლენისგან დამოუკიდებლები?“ – ირაკლი ზარქუას თქმით, სწორი არ არის მიდგომა, რომ ყველა კანდიდატი, ვინც იქნება წარმოდგენილი, მართული იქნება. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მხრიდან არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი, რატომ იწუნებს კანდიდატურას.
„თითოეული კანდიდატი, ვინც არ უნდა წარმოადგინოს, პარლამენტმა, უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს. ანუ, თქვენი ლოგიკით, ყველა კანდიდატი, ვინც იქნება წარმოდგენილი, მართული იქნება? არ არის ეს სწორი მიდგომა. ყველა ინსტიტუცია არის დამოუკიდებელი, მას აქვს შიდა კანონი, აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამისი დისკრეციები. ამიტომ მას შეუძლია, მართოს პროცესი ჩვეულებრივად. მე რომ წარვადგენ თქვენს კანდიდატურას პრეზიდენტის წინაშე, როცა თქვენ დაგიწუნებთ, იმან უნდა მითხრას, რატომ დაგიწუნათ, მიზეზი რა არის. თუ მეტყვის, რომ არაკომპეტენტურია, კი ბატონო, არგუმენტია, იტყვის, რომ, იცით, დანაშაული აქვს ჩადენილი, გასაგებია, მაგრამ არც ერთი, არც მეორე, ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს სწორი არ არის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
რაც შეეხება კითხვას, „არგუმენტი არ არის ის, რომ ლაშა ხუციშვილი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ და მთავრობის წევრია?“ – ზარქუა აცხადებს, რომ ლაშა ხუციშვილი კვალიფიციურია და შესაბამისი კომპეტენცია აქვს.
„რა შუაშია ეს, გვარი და სახელი არ მოსწონს? კომპეტენციაში პრობლემაა? ფინანსთა მინისტრი იყო წლების განმავლობაში და სწორედ მისი ფინანსთა მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიომ აღიარა ნომერ პირველ, ყველაზე გამჭვირვალედ და ღიად. ეს თქვენთვის არაფრის მთქმელია? ეს ადამიანი გამოცდილია, კვალიფიციურია და საერთაშორისო აღიარება აქვს. დიახ, ყველა მინისტრი ჩვენ მიერ არის დანიშნული, რადგან ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, რა კომპლექსია? ჩვენთვის მთავარია, იყოს კომპეტენტური, გამოცდილი და შეესაბამებოდეს ამა თუ იმ პოზიციას. ძალიან კარგი ბიჭია, კომპეტენტურია, მაგრამ არ მომწონს – ეს არის მარტო? ჰოდა, ამას არ გავუტარებთ. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ შემდეგ სასესიო კვირაში და ეროვნულ ბანკს ვიხსნით საბოტაჟისგან, რასაც ქალბატონი სალომე ატარებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას და ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში ინსტიტუციურ კრიზისს ვერ დაუშვებენ.