ირაკლი ზარქუა - საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები
ირაკლი ზარქუა - საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა, რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ გამორიცხულია, ეს გამოვიდეს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები

საქართველოს ინტერესშია ეროვნული თანხმობა და რადიკალიზაციის შემცირება, მაგრამ იქვე მივუთითებთ, რომ გამორიცხულია აქედან ეს გამოვიდეს. რატომ? რადგან ვიცით, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული ჯგუფები, შიდა თუ გარეფასიანი ლობისტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, მაინც ხვდება, რათა კიდევ ერთხელ აუხსნან, რომ ქვეყანას სჭირდება კანონპროექტებზე მუშაობა.

„ბუნებრივია, მათი ამოცანა ეს იყო. არ ასრულებენ და არღვევენ პირველ პუნქტს, რაც გვითხრა ევროკომისიამ. ევროკომისიას დამთავრებული არ ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის ჩამონათვალი და უკვე გადადგომით, ჩამოგდებით, რევოლუციური სცენარებით გვემუქრებოდნენ. ამიტომ, ეს გამორიცხულია. მათ საპასუხოდ, დღეს ბატონი პაპუაშვილი ხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის შეხვდება ამ რადიკალებსაც, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ვინც მათთან ერთად არიან. მაინც ვხვდებით, რათა კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დუღილის ტემპერატურის შემცირება, კანონპროექტებზე მუშაობა და არა „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის და ზომავს, რამდენი შემოვარდეს, ახალგაზრდები რომ უნდა ჩაითრიოს ამ უბედურებაში. ჩვენ ეს 20 ივნისს გავიარეთ. ტრაგედია იყო ის, რაც მოხდა. სადაც დაზარალდნენ როგორც ჩვენი ახალგაზრდები, ისე პოლიციელები და ეს არ უნდა გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაქლი ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.