ირაკლი ზარქუა - საპენსიო მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე განახლებული პირობებით ჩაინიშნება, ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ 4-5 წლიანი იქნება
საპენსიო თემაზე საპარლამენტო ჯგუფი მუშაობს, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება, რომელიც აკავშირებდა „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო მომსახურეობასთან და რომლის ხანგრძლივობა იყო 2022 წლამდე, ასე არ გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ლიბერთი ბანკის“ განცხადება მისასალმებელია.
როგორც კი გამოცხადდება მიმდინარე წელს ახალი ტენდერი განახლებული პირობებით და უკეთესი მომსახურებით, ახალი გამარჯვებული გვეყოლება, რომელიც დაბალი პროცენტით და უკეთესი მომსახურებით მოემსახურება ჩვენს პენსიონერებს. ამ შეჯერებულ ვარიანტამდე მათ შორის „ლიბერთი ბანკთან“ ერთად მივედით. დღეს მოქმედი ხელშეკრულებით, პენსიონერი, რომელიც სესხს იღებდა, პრობლემა შეექმნებოდა და გარდაიცვლებოდა შემდეგ ოჯახს სთხოვდნენ სესხის დაფარვას. ამაზე „ლიბერთი ბანკი“ უარს აცხადებს. მოკლევადიანი სესხები, რომელიც იყო ერთწლიანი, თუ ბენეფიციარი მიმართავს „ლიბერთი ბანკს“, გაუხანგრძლივდებათ 2-3 წლამდე, სურვილის შესაბამისად. კიდევ ერთი ძალიან გაბედული ნაბიჯია მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში, რომ თუ თავდებში ეყოლება ოჯახის წევრი, ვინც მუშაობს, შემოსავლები აქვს და ამას დაამტკიცებს, გაცილებით დაბალ პროცენტში აიღებს სესხს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით. მთელი ეს დღეებია ვისმენთ, რომ თურმე „ლიბერთი ბანკის“ ბენეფიციარს საშუალება არ აქვს, რომ პენსია სხვაგან აიღოს. ეს მტკნარი სიცრუეა. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი „ლიბერთი ბანკს“ სთხოვს, ის ვალდებულია ნებისმიერ ბანკსა და ფილიალში ჩაურიცხოს ეს საპენსიო შემოსავალი. ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაინიშნება განახლებული პირობებით, მოქნილი მომსახურებით, შედარებით დაბალი პროცენტით და ახალი პროდუქტებით. ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ 4-5 წლიანი იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.
„ლიბერთი ბანკი“ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას და ახალი ტენდერის გამოცხადებას დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება ცნობილი პალამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც“.