ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მონები უწოდა, ამის შემდეგ რომ სარჩელი შეგაქვს, ღირსება არ გაქვს, მეორე მხრივ, ლეგიტიმურად ცნობ საკონსტიტუციო სასამართლოს
სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მონები უწოდა, ამის შემდეგ რომ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეგაქვს, ესე იგი, მოსამართლეები შესაბამისობაში ყოფილან ღირსებასთან, კონსტიტუციასა და კომპეტენციასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო მორიგ ჯერზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევაშია დადანაშაულებული. გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს რა შეურაცხყოფას აყენებდა და მათ არალეგიტიმურები, მონები, უსირცხვილოები უწოდა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რომ შეგაქვს, ხარ უსინდისო და ღირსება არ გაქვს, მეორე მხრივ კი, ლეგიტიმურად ცნობ საკონსტიტუციო სასამართლოს. ესე იგი, მოსამართლეები შესაბამისობაში ყოფილან ღირსებასთან, კონსტიტუციასა და კომპეტენციასთან. როგორც პარლამენტში პრეზიდენტის მდივანი, მსხვერპლი „იმიტომ“ მსხილაძე რომ დადის, წაქცეულს ფეხი როგორ დავაჭირო? გამჭვირვალობა, არაევროპულია? მზად ვართ, ყველა ინსტანციაში ვიდავოთ. მორიგ ჯერზე ვნახავთ სამართლიან პოლიტიკურ გალაწუნებას და იქნება დასკვნა, რომ ეს არის სამართლებრივი, სუვერენული სახელმწიფო, რომლის გადასაწყვეტია, რა კანონს მიიღებს დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ზარქუამ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას, საკითხზე კომენტირებისას ზარქუამ აღნიშნა, რომ ისინი წინასწარ არიან დამარცხებული, რადგან შეუძლებელია, გამჭვირვალობა იყოს ანტიკონსტიტუციური.
„ესპანეთი კანონს იღებს, საფრანგეთმა მიიღო და ეს ანტიკონსტიტუციურია? თავადაც იციან, მაგრამ, სავარაუდოდ, ასეთი დაკვეთა აქვთ. „ენჯეოები“, პრეზიდენტი და ოპოზიცია ყველა უსამშობლოა, ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაც. მათთვის მთავარია, რა მესიჯი მოვა პატრონებისგან. ესენი ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ ქაოსისა და არეულობისთვის, რათა რამენაირად რევოლუცია მოახდინონ. თუ გაუმართლებთ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასხდებიან და მეორე ფრონტი გაიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.