ირაკლი ზარქუა - საგარეო უწყებამ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ადეიშვილის ბუნდესტაგში მიღებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმაც უნდა აგვიხსნას, რა მიდგომებია ეს?
საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა მიდგომებია ეს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, მიუღებელია, ადეიშვილისნაირ ადამიანს, რომელიც საქართველოში არაერთ საქმეზეა ბრალდებული და მსჯავრდებული, დიდი ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ უკრაინის წარმომადგენლის რანგში.
„გაუგებარი იყო, როდესაც ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ხვდებიან, როგორც სასამართლოს და იურიდიული თემატიკის ერთ-ერთ უბადლო მცოდნეს. ამ დროს არის ჩვეულებრივი დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც ბრალი წარედგინა არაერთ საქმეზე. მსჯავრდებულია რობაქიძის თემაზე, მათ შორის „იმედის“ წართმევაზე, ჟურნალისტზე თავდასხმაზე, ბიზნესის რეკეტზე და ასეთ ადამიანს ხვდებიან დიდი ზარ-ზეიმით უკრაინის წარმომადგენლის რანგში. ეს მიუღებელია. ჩვენ ევროპა გვინდა, რადგან გვგონია, რომ იქ არის სამართლიანობა, მოქალაქეთა უფლებების დაცვის მეტი გარანტიები და ეს როგორ ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს? სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ბატონი ადეიშვილი, რომელიც ძებნაშია.
გარდა ბუნდესტაგისა, ის შეხვდა ბატონ იან კომპანსს, რომელიც არის სამეზობლო გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთი კომისიის დირექტორი. რა ღირებულებებზე საუბრობთ? კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა, ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარ-ზეიმით და პატივით ხვდებით, რანაირად ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს სწორია და ნორმალურია?
ამიტომ, მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს? კრიმინალი ადეიშვილი ემალება გამოძიებას და ასეთ ადამიანს რომ ზარ-ზეიმით იღებთ, რანაირად? ამის შემდეგ მოდიან და გვეუბნებიან, რომ ე.წ. ვეტინგის პროცესი იქნას გამოყენებული ჩვენი მოსმართლეების, მართლმსაჯულების მიმართ.
გამოფხიზლდით, ისედაც დევალვაცია მიდის ევროპული ღირებულებების. გაგვიჭირდება, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნათ, რატომ გვინდა ევროინტეგრაცია? დიახ, ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, ობიექტურობაზე, კეთილდღეობაზე, ადამიანის უფლებებზე და ნამდვილად არ გვინდა ის ევროპელი ჩინოვნიკები, რომლებიც ასე ზარ-ზეიმით ხვდებიან ამ კრიმინალისა და რეჟიმის შემოქმედებს, რომელიც აქ სუფევდა ცხრა წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო.