ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი ცოტა ხნის წინ პოლიციელებს „გაიშნიკებს“, მონებს ეძახდა, დღეს, როცა დასჭირდა, თავისი ჭკუით, თაფლავს
მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხდება და იმდენად აგონიაში, სასოწარკვეთაშია, რომ ეტყობა, პოლიციელების მიმართ დატკბა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალი უნდა ჩამოეწეროს და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოს.
მისივე თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული, დასახელებულ სექტორში ხელფასები არაერთხელ გაზარდეს და სოციალური პაკეტები გააუმჯობესეს.
„გახსოვთ, ცოტა ხნის წინ პოლიციელებს „გაიშნიკებს“, კორუმპირებულებს და მონებს ეძახდა, დღეს, როცა დასჭირდა, თავისი ჭკუით, თაფლავს. სინამდვილეში, პოლიცია და ძალოვანი უწყებები პოლიტიზებული სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყვნენ. ამ მოვლენის არაერთი მაგალითი გვახსოვს. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ სექტორში ხელფასები არაერთხელ გავზარდეთ, სოციალური პაკეტები გავაუმჯობესეთ. როცა მათ ხელფასებს ვუზრდიდით, რადიკალური ოპოზიციის ყიჟინა გახსოვთ, თავის პოლიტიკურ პოლიციას ხელფასებს უზრდიანო, ახლა ფირფიტა შეცვალეს. ეს არის სააკაშვილის მიდგომა, რომლის არავის სჯერა. იმ პოლიციამ იმ მთავარსარდლისგან რა უნდა მიიღოს, რომელიც გორში ფორთხავდა და ყველამ ნახა, თუ როგორი მხდალი მთავარსარდალი გვყავდა. მგონი, ასეთი ადამიანის მოწოდებების მის სექტაშიც აღარ სჯერათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.