ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი არის ზარალი, რაც მალე ჩამოიშორებს მისი პარტია და კუბილიუსები, უკეთესი იქნება
კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. ეტყობა, კუბილიუსს ინფორმაცია არ აქვს, რომ სააკაშვილი ძებნილია და დადანაშაულებულია არაერთ სამართალდარღვევაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დასაბრუნებლად მიმართვა, არაგონივრული საქციელი იქნება.
„არა მხოლოდ კუბილიუსის, არამედ მარგინალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ამას ითხოვს. უკვე მიხვდნენ, რომ ყველა ბრძოლა წააგეს. კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. ეტყობა, კუბილიუსს ინფორმაცია არ აქვს, რომ სააკაშვილი ძებნილია და დადანაშაულებულია არ ერთ სამართალდარღვევაში. მათ შორის გირგვლიანის თემაზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება ამ ადამიანის წინააღმდეგ. გელაშვილის ცემის თემაზე პირდაპირ არის მითითებული, ვისი დაკვეთით და როგორ მოხდა, აქაც დადანაშაულებულია. იცით, კორუფციის თემაზეც სახელმწიფო სახსრებს და ბიუჯეტს როგორ იყენებდა ეს ვაჟბატონი. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ამიტომაც მიუღებელია, რომ ის რამე ფორმატის მოლაპარაკებებში იყოს წარმოდგენილი.
რაც შეეხება სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენებას, ესეც ამორალურია. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ათეული წლებია ყველა ინსტიტუციის გამართულად მუშაობის გარანტი იყო. კაცმა თქვა, რომ ახლა უკვე მიხედეთ, აგერ გაქვთ სახელმწიფო, გაქვთ ინსტიტუციები და მე პოლიტიკიდან გავდივარ. ახლა კიდევ ვთხოვოთ დაბრუნება, მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ეს არაგონივრული, არამიზანმიმართული და არაარგუმენტირებულია. კუბილიუსს და დანარჩენ ევროპარლამენტარებს მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გაეცნონ, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას „ენდიაის“ კვლევებში. რა დაკვეთა და მოთხოვნა აქვს ევროპარლამენტს და სენატს, იმის მიხედვით მიხვდება, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არის ზარალი და სააკაშვილი ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუხრუჭია. რაც უფრო მალე ჩამოიშორებს ამ ადამიანს, როგორც მისი პარტია და კუბილიუსები, მათთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.