ირაკლი ზარქუა - რას უწუნებს ბადრი ჯაფარიძე ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჯაფარიძეს მოუწევს გაერთიანება ჩემს ხაბესთან, ისევე როგორც „ტროიკას“
რას უწუნებს ჯაფარიძე ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მას მოუწევს გაერთიანება ჩემს ხაბესთან, ისევე როგორც „ტროიკას“ და ერთად შეუტევენ 2024-ში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ზარქუას თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ვინ არის და როგორ მუშაობენ ერთად.
„აბა, ცალკე ჯაფარიძემ რა უნდა ქნას? ბადრი ჯაფარიძეს რა გამოცდილება აქვს, რომ რამე შექმნას. ვერ გადალახავს ბარიერს, ამიტომ ყველას მოუწევს ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა. ხაბესთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ყველანი არიან რადიკალები, ჩვეულებრივი მწვალებლები. ხომ ვნახეთ შიდა არჩევნებში დასმენა, ერთმანეთის მოსყიდვა, ფარულები, გადაგრეხვა, დაშინება. ეს იყო ამათი ხელწერა და იმავეს გააკეთებენ. ღმერთმა არ ქნას, რომ ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვინმეს დაინდობენ გგონიათ? ერთმანეთს არ ინდობენ. ერთმანეთი არ დაინდეს, მელია გამოაგდეს საბოტაჟით, ეს ხალხი დაინდობს ქართულ საზოგადოებას? უარესს გააკეთებენ. ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის ოპოზიციაშიც. მესმის ბადრი ჯაფარიძის, ცალკე უნდა. სადაც მთელი ეს პერიოდი საბოტაჟს უწევდი ქართულ პარლამენტს, „ნაცების“ დაკრულზე დადიოდი, ახლა არ მოგწონს და ახლა ემიჯნები? ჩემთვის ყველანი ერთნი არიან, ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს. მშვენივრად თანამშრომლობდა თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბატონი ხაზარაძე, ახლა არ მოსწონს? ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის, როგორ მუშაობდნენ, რას საქმიანობდნენ და რას აკეთებდნენ. ჩვენთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო 2020-ის არჩევნები, საბოტაჟს რომ უწევდნენ ქართულ სახელმწიფოს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა. იციან, რომ ესენი არიან ლუზერები, მწვალებლები და ახლა უნდათ, რომ გაემიჯნონ. არა, ბატონებო, გაემიჯნები, ვერ გადალახავ ბარიერს, დარჩები, მოგიწევს, მოუწევთ ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა, ხაბე, შენკენ ვარ“, – განაცხადა ზარქუამ.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.