ირაკლი ზარქუა - პენსიონერთა ინტერესებზე მეტად მორგებული პირობები მივიღეთ, ჩემი მოთხოვნა იყო, ეროვნულ ბანკს მათთვის ცხელი ხაზი შეექმნა, ხარვეზის შემთხვევაში, იქნება სანქციები „ლიბერთი ბანკის“ მიმართ
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ეხმაურება. ირაკლი ზარქუას თქმით, პარლამენტში შესვლის დღიდან მისი ინიციატივა იყო, რომ საპენსიო სესხის პირობები პენსიონერებისთვის უფრო მოქნილი და მისაღები ყოფილიყო.
„ეს ერთ-ერთია, რაც მეამაყება. პირველი დღიდან, რაც პარლამენტში შემოვედი, ინიციატივა მქონდა, საპენსიო სესხის პირობები უფრო მოქნილი და მისაღები ყოფილიყო ჩვენი პენსიონერებისთვის. ამისთვის, პრემიერის დავალებით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, სადაც ოპოზიციაც შემოგვიერთდა და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ პირობები, რომლის მიხედვით პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის ზედა ზღვარი, მაქსიმუმ, 26% იქნება. აქამდე დაახლოებით 36%-იდან და ზემოთ იყო. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. გარდა ამისა, შეტანისა და გამოტანის საკომისიოები არ ექნებათ, ასევე, კომუნალური გადახდების. კიდევ მთელი რიგი პირობებია გაუმჯობესებული.
პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ეროვნულ ბანკს თავის წიაღში შეექმნა პენსიონერებისთვის ცხელი ხაზი. თუ პენსიონერს ექნება გონივრული ეჭვი, მას შეუძლია, ცხელ ხაზზე დარეკოს და ეროვნული ბანკის კომპეტენტური წარმომადგენლობა ჩაერთვება. რაიმე ხარვეზი ან არაჯანსაღი პროცესი თუ იქნება, „ლიბერთი ბანკის“ მიმართ სანქციები და ჯარიმები მაშინვე დაწესდება.
ნაყოფიერი მუშაობის შედეგად მივიღეთ უფრო მოქნილი და პენსიონერების ინტერესებზე მეტად მორგებული პირობები. 7 წლის განმავლობაში საპენსიო სესხის ზედა ზღვარი იქნება 26%, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ბანკთაშორისი განაკვეთი შემცირდება და 26% კი არა, რეალურად, კიდევ უფრო დაბალ პროცენტში მოემსახურებათ პენსიონერებს საბანკო სესხი. ძალიან კარგი და ოპტიმალური მიღწევაა, რაც შეიძლებოდა, ამ სიტუაციაში მიგვეღო. ეს ჩვენი პენსიონერებისთვის კარგი მონაპოვარია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.