ირაკლი ზარქუა - პარტიის განახლებას რომ დაარქმევ და განახლების უკან დადგება ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი, ასევე კეზერაშვილი, რომელმაც ჯარი გაძარცვა, ამას საკუთარი ამომრჩეველიც არ გაგიტარებს
ჩემმა ხაბემ ცოტა იმედები გამიცრუა. მეგონა, განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგროვებდა გაცილებით მეტს, ვიდრე მელია აგროვებდა ხოლმე აქციებზე და იმის ნახევარსაც ვერ აგროვებს. რაც იყვნენ, ისინი დარჩნენ – ხელმოცარული. ახლა ერთმანეთს, ხან ამინდს აბრალებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, პარტიის განახლების უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი როცა დგანან, ბუნებრივია „ნაციონალური მოძრობის“ ამომრჩეველიც კი აქციაზე არ მივა.
„პარტიის განახლებას რომ დაარქმევ და ახალ თავმჯდომარედ აირჩევ ხაბეიშვილს, ამ განახლების უკან როცა დადგება ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი და კეზერაშვილი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და ისე გამდიდრდა წაგებული ომის შემდეგ, ბუნებრივია, ამას საკუთარი ამომრჩეველიც არ გაგიტარებს. იმიტომაც არის, რომ ასე სამარცხვინოები დადიან 15, ზოგან 54 და 69-კაციანი ამალით.
ეს ხელმოცარულები, დარწმუნებული ვარ, შემდეგ კვირაში დააბრალებენ, აი, ევროკავშირმა, ელჩმა მოგვიწოდა, პარლამენტში შედითო და ზუსტად ვიცი, რამდენიმე დღეში ისინი პარლამენტში აღმოჩნდებიან. არც მიკვირს, რადგან რამდენჯერ ჰქონდათ ბოიკოტის რეჟიმის მცდელობა. თავიდან თქვეს, ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობასო, მაგრამ როცა ვკითხეთ, ხელფასებსაც ტოვებთ? არა, უბრალოდ, სესიებს არ დავესწრებითო. ჯერ ერთი, ამათი გაკეთებული საქმე მანახეთ, სესიებზე განცხადებებს გააკეთებდნენ და მერე გარბოდნენ, ამათი სამუშაო ეს იყო, ეგეც კი ეზარებოდათ. ამიტომ მთავარია, ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, ღირსეული პარლამენტი, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამავე დროს ჩვენ წინ წავიწიეთ, მათ შორის არის ევროკომისიის დასკვნა, სადაც ძალიან დავუახლოვდით კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, დეკემბრის თვეში ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ მოხდა, იქნება ისევ და ისევ ამ რადიკალების დამსახურება. ასე რომ, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და მათ საბოლოო განაჩენსაც გამოუტანს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.