ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის მხრიდან მერიის წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევა პოლიტიკურ შოუს ემსახურება
ოპოზიციის მხრიდან მერიის წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევა პოლიტიკურ შოუს ემსახურება, რათა „ვარკეთილის“ ტრაგედიაზე ქულები დაიწერონ, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მეტრო „ვარკეთილში“ მომხდარზე საკრებულოც და მერიის წარმომადგენლების დაინტერესებულები არიან, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად, დადგინდეს კონკრეტული პირები, რომლებიც პასუხს აგებენ.
“ჩვენ კომისიურ ფორმატში შეხვედრა გვქონდა. უარი ვთქვით იმ შოუს ფორმატზე, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობდა, რომ საკრებულოს სხდომა მოგვეწვია. შევთავაზეთ უფრო კონსტრუქციული და საქმიანი ფორმატი. სატრანსპორტო და ურბანული კომისიების გაერთიანებულ, საკმაოდ ხანგრძლივ სხდომაზე ბოლოს ვიცე-მერი და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი აქეთ ეხვეწებოდნენ, თუ რამე კითხვა გაქვთ, მზად ვართ გიპასუხოთო. ამ ფორმატში დავასრულეთ, რადგან მაქსიმალურად იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც ჰქონდათ, უპასუხეს ამომწურავად”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, დამატებით მერიის წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევა ემსახურება პოლიტიკურ შოუს.
“თავიდანვე ვთქვით, რომ თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები, იდეა, შევთავაზეთ გაერთიანებული კომისიების ფარგლებში კითხვები დაესვათ და პასუხი მიეღოთ. ბატონი გოკა ბრძანდებოდა ამ შეხვედრაზე, კითხვას სწორედ ის სვამდა, ბოლოს როცა ვკითხეთ, ამოწურეთ თუ არა შეკითხვები, ბატონმა გოკამ თქვა ამოვწურეთო. ეს ემსახურება პოლიტიკურ შოუს, რომ რამენაირად პოლიტიკური სარჩული მიეცეს და პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ ტრაგედიაზე. ამიტომ ეს არ გვაინტერესებს. შეჯერებული ვართ, რომ გამოიკვეთონ დამნაშავე პირები თუ კომპანიები, რომ პასუხი აგონ მათ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.