ირაკლი ზარქუა - ოპოზიციას 20 პროცენტი ვერ აუღია და საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებენ, თავიანთი კვლევებითაც რადარს მიღმა არიან, რა საკონსტიტუციო უმრავლესობა? აგონიაში არიან
არანაირი განსხვავებული ძალები, განსხვავებული მიდგომების, ფილოსოფიის მქონე ოპოზიციური პარტიები არ არსებობს, ყველანი ერთნი არიან, მწვალებელთა პარტიის გადმონაშთი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუამ კომენტარი გააკეთა „ქართულ ქარტიაზე“, რომელზე ხელმოწერაც შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს.
„ადრეც ვამბობდით, რომ არანაირი განსხვავებული ძალები არ არსებობს, ახლა კიდევ მეტად მოხდა ამის დემონსტრირება, აფიშირება და არგუმენტაცია. არ არსებობს განსხვავებული მიდგომების, ფილოსოფიის მქონე ოპოზიციური პარტიები, ყველანი ერთნი არიან, მწვალებელთა პარტიის გადმონაშთი. როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენო ცალკე და გვარამია-მელიას მოძრაობა თუ ჩახდილი „გირჩის“ მოძრაობა – ცალ-ცალკე?
კიდევ ერთხელ მადლობა მადამ პრეზიდენტს ინიციატივისთვის, რომ ყველა გააერთიანა და მოქალაქეებს უფრო გაუმარტივდებათ არჩევანის გაკეთება მწვალებელთა პარტიასა და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის. პრეზიდენტმა სულ იმნაირები იძახა, ევროპულიო, იმნაირებიო. კითხვას ვსვამ, ევროპული რანაირად შეიძლება იყოს ჯალათი გვარამია? თუ სათვალეს რომ გაიკეთებს, შარვალს ჩაიწევს, მოკლე შარვლით რომ დადის, ამიტომ გახდება ევროპული ღირებულების მატარებელი? არა, ისინი ზუსტად იმნაირები არიან, ყველა ერთად, რაც თქვა და სწორი თქვა. ამათ საერთო არაფერი აქვთ ქართულ ტრადიციასთან, ინტერესებთან, ადათ-წესებთან და ქართულ ეკლესიასთან. ამიტომ არიან იმნაირები – ამ შეფასებაში სალომე ზურაბიშვილს ვეთანხმები. იმნაირების გაერთიანება იქნება – იმნაირები, მწვალებლები, რეკეტიორები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანება, ხოლო აქეთ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ინტერესებს დაიცავენ. ქართველი ვარ, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ერის შვილი, რა სანქციებით უნდა დამაშინოთ ან დაგვაშინოთ, რომ შემდეგ უარი ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე წმინდა რაც გვაქვს, იმის წინააღმდეგ გავილაშქროთ? მამული, ენა, სარწმუნოების მიმართულებით? გადაკეთებაც კი მოინდომეთ, არ დაგანებებთ. ერთი გვაქვს სამშობლო და ეს სამშობლო არ იცვლება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შეფასებისას, დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალ მოდელთან დაკავშირებით ზარქუამ აღნიშნა:
„ჩემი რჩევა იქნება, ამ სიღრმეში ნუ შეხვალთ. სიგიჟეებს დაინახავთ იქ და ვერ ახსნით. საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს, რანაირად, 20% ვერ აუღიათ. თავიანთი კვლევებითაც რადარს მიღმა არიან. რა საკონსტიტუციო უმრავლესობა, აგონიაში არიან და რა ქნან, არ იციან ან პატრონებს, დამფინანსებლებს ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით თავს აწონებენ. რომელი პარტიაა იქ, რომელიც ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მაქსიმუმ ერთი-ორი. რანაირად უნდა გადალახოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა შეკრიბოს? რას გაუგებ, ქალბატონი სალომე არ არის ამქვეყნიურზე, გასულია უკვე და თავისი ფანტაზიებით მართავს ქვეყანას. ვინც შეეხება ჩვენს ეკლესიას, ტრადიციებს, იდენტობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ქართული საზოგადოებისგან ყოველთვის ასეთ პასუხს მიიღებს.
რანაირად ლაგდება, ერთიანად გავიდეთ, მაგრამ საერთო სიები არაო, ვიღაც ხომ უნდა აირჩიონ? სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ? როგორც „ნაცი“, ისე ჩახდილი „გირჩი“, გვარამია და დანარჩენი უსამშობლოებიც ერთი გაერთიანებაა. ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ ამას, რა მნიშვნელობა აქვს, ამას მოიგონებენ და იქ გაერთიანდებიან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ საერთო ინტერესები, ამოცანები, ღირებულებები და საერთო მიდგომები აქვთ. უსამშობლოების გაერთიანებაა და ახლა გინდა გაერთიანდებიან, გინდა ცალ-ცალკე იქნებიან, ერთი და იგივეა, მაგრამ სალომემ, როგორც იქნა, საკონტროლო ესროლა. დიახ, უნდა გაერთიანდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.