ირაკლი ზარქუა - ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებების საკეთებლად იცლის, სააკაშვილს აქვს ყველა სამედიცინო სერვისი და ის ექიმებზე ძალადობს
ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ამასთან, ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი.
„ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი იცლის იმისთვის, რომ ლუქს პალატაში მოთავსებულ დამნაშავეზე განცხადებები აკეთოს. ეტყობა, მთელ მსოფლიოს ფასიანი ლობისტები ისე არიან მოდებული, რომ ოჯახმა სააკაშვილისთვის დაიქირავა არა ექიმები, არამედ პიარკომპანია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით სააკაშვილის ფოტოები გამოაქვს და ამას აზიარებენ. მათ სიმართლე არ აინტერესებთ, აინტერესებთ ის, რომ პატიმარი სააკაშვილი საპატიმროს აარიდონ, რაც ასე არ გამოვა. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, გაყალბებული სამედიცინო დასკვნა დაიდო და მანიპულაციებს აქვს ადგილი, რაც გუშინ დამტკიცდა. ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაშია მოთავსებული, სადაც ყველა სამედიცინო სერვისი აქვს და ის ექიმებზე ძალადობს“, – განუცხადა ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა: „მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს, გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში“.