ირაკლი ზარქუა - ომის დაწყებიდან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობაც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არცერთი წამით არ დახურულა ქართული საელჩო, სანაცვლოდ რა მივიღეთ?
ირაკლი ზარქუა - ომის დაწყებიდან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობაც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არცერთი წამით არ დახურულა ქართული საელჩო, სანაცვლოდ რა მივიღეთ?

ზელენსკის გადაწყვეტილება უსამართლოა. ომის დაწყებიდან ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობაც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არცერთი წამით არ დახურულა ქართული საელჩო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის გვერდით დგას საერთაშორისო პლატფორმაზეც, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით კი მოწინავეა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, დღეს მავანი მზად არის, პატიმარი სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები.

„გადაწყვეტილება, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ვიცი, დემარშია, დროებითი ღონისძიებაა თუ რა არის, მაგრამ ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით და ჩვენი წარმომადგენლობა, რომელიც ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით და არცერთი დღით, არცერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისგან, რომლებიც გაიხიზნენ და ნაწილი დღემდე არ არის ჩასული და დახურულია საელჩოები. ჩვენ დღემდე არცერთი წამით არ შეგვიწყვეტია მუშაობა და გვერდით ვედექით უკრაინელ ხალხს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც შედის სამეულში და ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავეა. ამ პატარა ქვეყანამ ეს შევძელით; მესამე – ჩვენ ვართ ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მივიღეთ უკრაინელები, გავხსენით სკოლები, ბაღები, უფასო ტრანსპორტია, მათ შორის, დღემდე ქირას ვუხდით და არცერთი ცენტი არ მიგვიღია დახმარების სახით. ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით, ამ პატარა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის გვერდით დადგა და დღემდე ვდგავართ. სანაცვლოდ რა მივიღეთ? თურმე ჩვენი საელჩო უნდა დაიხუროს და ელჩი გამოძევებული იქნას. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ქვეყანა ომშია ჩართული, უბრალოდ, ვიტყვი, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა და ამას საქართველო არ იმსახურებს.

წლების განმავლობაში უკრაინულ მხარეს ვთხოვდით, გადმოეცათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი, მისჯილი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, სააკაშვილი. ეს არცერთხელ გაუკეთებიათ. დღეს მავანი არის მზად, პატიმარი სააკაშვილისთვის, რომელსაც ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი, გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პოლიტიკოსები წავლენ-წამოვლენ და ქართულ-უკრაინული ურთიერთობები გაგრძელდება, კიდევ უფრო მჭიდროდ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. კარგად ვიცით, მოგვდის ინფორმაციები, თუ როგორ ხდება, რომ ყველა არხი, სტრუქტურა, ყველა მედია ერთ ხმაში მუშაობს. ოპოზიციური არხი უკრაინაში არ არსებობს. ეს ალბათ გაგონებთ სააკაშვილის ხელწერას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, კომენტარი გავაკეთო ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, პატივს ვცემ, რადგან ის არის ომში ჩართული ქვეყნის ლიდერი, მთავარსარდალი, მაგრამ ვიტყვი, რომ ამას არ იმსახურებს საქართველო, ქართველი ხალხი, ქართული საელჩო, რომელსაც დღემდე არ შეუჩერებია მუშაობა. ოპოზიცია, ხელმოცარულები, რომლებიც ამ ქმედებას გაამართლებენ, არიან გონჩარენკოები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ და დღესაც მოუწოდებენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა მეორე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.