ირაკლი ზარქუა - ნიკა მელიამ გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო და დღესვე გამოვაცილებ, გასასვლელს თუ ვერ აგნებს
სააკაშვილის და მისი მარგინალური ოპოზიციის ინტერესში არასდროს ყოფილა, რომ დიალოგი შემდგარიყო, მათი ინტერესი არასდროს ყოფილა, მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულებულიყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.
„აპრიორი იციან, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე უსაფუძვლოა. დღესაც შემიძლია ვუთხრა – ბატონი მელია თავისუფალია, გადაიხადოს ჯარიმა 11 ათასი ევრო, რომელიც დაწესებული აქვს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კონსტიტუციას და სამართლებრივ სახელმწიფოს, და დღესვე გამოვაცილებ, გასასვლელს თუ ვერ აგნებს.
რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ამის საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფორმალური, თუ არაფორმალური ლიდერი სააკაშვილი და მისი რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიაში“,- განაცხადა ზარქუამ.
როგორც ზარქუა აცხადებს, ოპოზიციაში ერთსულოვნება არ არის.
„როდესაც ევროპარლამენტი და სენატი გეუბნება, აქციები არის რუსეთის ინტერესებში და შენ მაინც ავითარებ ამ ობსტრუქციას, ეს არ შეიძლება გაიზიაროს იქ არსებულმა ზოგიერთმა ევროპული ყაიდის პოლიტიკოსმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში”,- განაცხადა ზარქუამ.